განწყობა არის ერთიანი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

„ევროპული საქართველოსა” და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე ამ წუთებში ვერის ბაღში ამომრჩეველს ხვდება. შავგულიძესთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები.

შალვა შავგულიძის განცხადებით, მთაწმინდის ოლქის მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„განწყობა არის ერთიანი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს იმიტომ რომ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია ამ ხელისუფლებას. ჩვენმა საზოგადოებამ ვერ ნახა „ქართული ოცნების“ ვერც მოტანილი სამართალი და ვერც კეთილდღეობა რასაც ის უხვად ჰპირდებოდა და ამ დაპირებებს არიგებდა. რატომ არ უნდა იყოს მთაწმინდის ოლქი პირველი სადაც ბიძინა ივანიშვილის ეტყვიან, რომ 7 წელია გვატყუებ, 7 წელია გვპირდები და არ ასრულებ და ამიტომ ნდობას აღარ გიცხადებთ,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამაც. მან ხაზი გაუსვა, რომ შალვა შავგულიძე იყო სწორედ ის ადამიანი რომელიც წინა ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომას გირგვლიანის საქმეს ებრძოდა.

„შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენ ყველაზე დიდ უსამართლობას, გირგვლიანის საქმეს ებრძოდა და ჩვენი გაერთიანება დგას ზუსტად აი იმ გააზრებაზე, რომ უსამართლობა არ ეპატიება არავის და არ შეიძლება ესე ხალხის წინააღმდეგ წასვლა. დღესაც შალვა შავგულიძე ჩვენთან ერთად, აი ამ გააზრებულ წარსულთან ერთად ჩვენ ვებრძვით ერთად დღევანდელს უსამართლობას რაც არსებითად იგივეა. ეს არის თავგასული ხელისუფლება რომელიც გვეუბნება რომ მე მინდა მორჩილი სასამართლო, მორჩილი სამართალი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ ივანიშვილს წყალგამყოფი ხაზი უკვე გაუვლო. გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას შეძლებს.

„გაიმარჯვებს შალვა შავგულიძე და მე გარწმუნებთ, რომ ძალიან გაუჭირდება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მურუსიძის და მურუსიძის მეგობრებისთვის სასამართლოს ჩაბარება. აქეთ არის შალვა შავგულიძე , რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა და იბრძვის სამართლიანობისთვის და აქეთ არის ივანიშვილი, რომელიც მურუსუძეს აბარებს ჩვენს მომავალს და მთლიანად სასამართლოს. შალვა შავგულიძის სახელი სწორედ ამ წყალგამყოფს დაუკავშირდა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე თანაპარტიელის პოზიციას იზიარებს. ის დარწმუნებულია, რომ მთავრობა რომელიც არ უსმენს ხალხს და არ ითვალისწინებს მოსახლეობის პრობლემებს არჩევნებს წააგებს.

ამომრჩეველთან შეხვედრას ესწრებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძეც. მისი თქმით შუალედურ არჩევნებში მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს ევროპულ-დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოს.

„ეს არჩევნები არის ხელისუფლებისთვის იმის თქმა და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის რომ ისე არ იქნება როგორც მან დადგეგმა და გადაწყვიტა. ამ არჩევნებს ვაკეთებთ თავისუფალი ადამიანები. თავისუფალ ადამიანებს გვაქვს თავისუფალი ნება. და ჩვენი ნება არის რომ ხმა მივცეთ პრინციპულობას, წესიერებას, სამართლიანობას და ევროპულ-დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოს,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯი და ყველა სხვა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში
შემდეგი სტატიახარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს