“განსხვავებები ამ ფიგურებს შორის არ არის” – პრეზიდენტი რესპუბლიკელებისა და მეჭიაურის დაპირისპირებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის “ნაკლებად აფასებს ამ პროცესებსა და დინამიკას”.

 

პრეზიდენტის თქმით, ის მოდის იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როდესაც ”ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი იყო ერთიანი.
“ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში, ჩემთვის სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე.
საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე, როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე, პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახილზე”, -განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.
”ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი ერთად უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც აბსოლუტურად უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ამიტომ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს.
მე ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი.
დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა, ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და როდესაც მეთოდურად, შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი არ არსებობს
შემდეგი სტატია“დამალვას არავინ აპირებს, რომ წინა პრემიერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ ცივი იყო”