
მისი თქმით, პროექტის მიზანია, განმუხურის სანაპირო ოთხივე სეზონზე მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ ჩამოყალიბდეს, სადაც მშვიდი დასვენების, სპორტული აქტივობებისა და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები შეიქმნება.
განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამფითეატრის განვითარების კონცეფციას, სანაპიროს მდგრადი დაცვისა და პერიოდული აღდგენის ღონისძიებებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს დამატებით გამწვანებას, ჩოგბურთისა და პადელის მოედნების, ახალი ნავმისადგომის, ადმინისტრაციული შენობის, ორანჟერეისა და სხვადასხვა კომერციული სივრცის მოწყობას.
დავით კოდუას განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ტერიტორიას მრავალფეროვანი აქტივობებისა და საერთაშორისო დონის კულტურული და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.
მისივე შეფასებით, განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტი რეგიონის ტურისტული, ეკონომიკური და რეკრეაციული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


















