განმეორებითი კენჭისყრების შესახებ საია ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმეორებითი კენჭისყრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საია-ს ინფორმაციაში აღნიშნული, ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა:

სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი დამკვირვებლებს შორის:

ზუგდიდის #108 უბანზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შორის. სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელმა მითითება მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს შეეწყვიტა ხმის მიცემის პროცესი 19:57 წთ-ზე. ამ მითითებას გამოეხმაურა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ყველა ერთად“ წარმომადგენელი. მან შენიშვნა მისცა „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელს, თუ რატომ ერეოდა ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში, რასაც სიტყვიერი დაპირისირება მოჰყვა.

ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა:

ზუგდიდის #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველი იყო დევნილი და მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად არ ჰქონდა თან დევნილის მოწმობა, რაც საჭიროა დევნილი პირისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეს განუმარტეს, რომ მას შეეძლო ეთხოვა ახლობლებისთვის მიეწოდებინათ დევნილის მოწმობა. მოქალაქე წავიდა და მოიტანა უბანზე დევნილის მოწმობა. თუმცა ვინაიდან მას მარკირება გაკეთებული ჰქონდა, კომისიამ აღარ მიაღებინა მოქალაქეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას წარმომადგენელმა შენიშვნა დააფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბნის გარე პერიმეტრზე:

დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. (ზუგდიდის #79-ე და #108 უბნები).

კენჭისყრის შენობის მოწყობა:

დაახლოებით საღამო 18:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება 10-15 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე, რასაც არ მოუხდენია გავლენა საარჩევნო პროცედურების წარმართვაზე.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 2 საჩივარი წარადგინეს (ერთსადაიმავე დარღვევაზე უბანზე და ოლქში) და 3 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში მარნეულის საარჩევნო უბანზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე აკვირდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელიც გაიმართება №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული), ასევე №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი), სადაც გაიმართება როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას
შემდეგი სტატია(VIDEO) ყიზილაჯლოში ხმების დათვლის პროცესი დაიწყო