უკრაინის გენერალურ შტაბში ადასტურებენ, რომ 13 ოქტომბრის ღამეს მათ ოკუპირებულ ფეოდოსიაში რუსულ საზღვაო ნავთობის ტერმინალზე განმეორებითი იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა 16 რეზერვუარი.
უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ საწვავით სავსე 16 რეზერვუარი, რომლებიც დააზიანეს, წინა იერიშს გადაურჩნენ. მათივე ცნობით, დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი გრძელდება. გენშტაბში ხაზი გაუსვეს, რომ ფეოდოსიის ტერმინალის არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტი რუსული სამხედრო ძალების საწვავით მომარაგებისთვის. მათივე განცხადების მიხედვით, სავარაუდოდ, რეზერვუარებში 193 000 კუბური მეტრი ნავთობი ინახებოდა.
ამას გარდა, გენშტაბში აღნიშნეს, რომ 14 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს П-18-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგური კრასნაია პოლიანეში, რომელიც ასევე ოკუპირებულ ყირიმზე მდებარეობს. ასევე, იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ხერსონში, ოლეშკის დასახლებაში მდებარე დრონების მართვის პუნქტსა და ოკუპირებულ დონეცკში, მაკეევკაში მდებარე საბრძოლო მასალის საცავზე.
13 ოქტომბრის ღამეს, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ფეოდოსიაში აფეთქებების ხმა გაისმა. დრონებმა იერიში მიიტანეს ადგილობრივ ნავთობბაზაზე, რის შედეგადაც დიდი ხანძარი გაჩნდა. უკრაინულმა ძალებმა ნავთობტერმინალზე იერიში აქამდე 7 ოქტომბერს მიიტანეს, რამაც ასევე ხანძარი გამოიწვია.
















