განცხადებები, რომ ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი – ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, არის თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან და აღნიშნა, რომ ეს კრიტიკა დაუმსახურებელია.

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული.

ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმუოფელი.

როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმისლისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ.

ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაია – ჯარის დისკრედიტაცია არ შეიძლება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა