განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გარდაბანის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გარდაბანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მიმდინარე სიახლეები გააცნეს.

როგორც “თაიმერს” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან აცნობეს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, სქემის ფარგლებში უკვე მოხდა პირველი დაწინაურება და 330 პრაქტიკოს პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გარდა სტატუსის დანამატისა, 1 აპრილიდან ასევე გაიზარდა საბაზო ხელფასის ოდენობა, რაც მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს შიდა დაკვირვების ინსტრუმენტის გამოცდა და პროცესში ჩართული სკოლების შეფასების ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობა ეფექტიანი უკუკავშირის მიზნით.

“სქემის ფარგლებში ეფექტიანი და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის, წელს პირველად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მასწავლებლებს შეეთავაზათ ქართული ენის კურსი, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია. ამჟამად, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში კურსს 700-ზე მეტი პედაგოგი გადის. გარდა ამისა, აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დოკუმენტაცია, თვითშეფასების კითხვარი და სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურად დაურიგდა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მასწავლებლებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგების სრულფასოვან ინტეგრირებას”-აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

შეხვედრაზე მასწავლებლებს კიდევ ერთხელ განემარტათ თვითშეფასების ინსტრუმენტის დეტალები და მისი კავშირი მასწავლებლის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვასთან. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, თვითშეფასების კითხვარის ანალიზის შედეგები და მასწავლებლებისგან მიღებული რეკომენდაციები სქემის პილოტის შეფასების შემდეგ, სქემაში აისახება. ლია გიგაურის განცხადებით, სქემა უნდა იყოს არა ტვირთი, არამედ მასწავლებლის დამხმარე და მამოტივირებელი ინსტრუმენტი.

მინისტრის მოადგილემ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და მასწავლებლებს მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა განახლებისთანავე ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა