განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინა.

შეხვედრაზე განათლების სხვადასხვა საფეხურზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში შევხვდით ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ ყველა არსებული პრობლემა და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართული ენის სწავლა ყველა საფეხურზე“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ხათუნა კვიციანის განცხადებით, თემატური მოკვლევის ანგარიში სექტემბერში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში შედგა ბოლო ზეპირი მოსმენა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს. საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფოს პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიცირდა ეს თემატური მოკვლევაც. სექტემბერში საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც არსებულ გამოწვევებს ასახავს. ჩვენ რეკომენდაციების შესრულების ნაწილშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა ხათუნა კვიციანმა.

თემატური მოკვლევა ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება არ არის ის, რომელიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ
შემდეგი სტატიავიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ – ვაშაძე