განათლების უწყების წარმომადგენელი: მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვის ნიშნები, ისტერიკების ფონზე, წიგნების დაწვის მოწოდებით გამოსვლის ნაცვლად, არგუმენტები მოგვწერონ

საქართველოს განათლების სამინისტრო მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. სამინისტროში ამბობენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არათუ პირდაპირ, არამედ ირიბი მნიშვნელობითაც არ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

უწყების ცნობით, სახელმძღვანელოში მოცემულია ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რასაც რუსეთი ომამდე ახორციელებდა. მათივე განმარტებით, არსებობს ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო და ორივე მათგანში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჰქონდა ადეკვატური პასუხი.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელოში მოცემულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკშვილის პრეზიდენტობის შესახებ ინფორმაცია, ასევე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შესახებ.

გარდა ამისა, უახლესი ისტორია მოგვითხრობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის თაობაზე, რომელიც სახელმძღვანელოში შეტანილია როგორც მეცენატი და ქველმოქმედი. სამინისტროში ამბობენ, რომ გარდა ამ ორი სტატუსისა, ივანიშვილის შესახებ მოთხრობილია მისი წვლილი 2012 წელს დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის პროცესში და ასოცირების შეთანხმების მიღწევაში.

„სახელმძღვანელოებში არის შესული ინფორმაცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. როგორ მიმდინარეობდა მზადება, რუსეთი როგორ ემზადებოდა, რა პოლიტიკური პროცესები უძღოდა საგარეო, თუ საშინაო და ა.შ. შემდგომ უკვე მთელი კონფლიქტის ისტორიაა მოყოლილი თავისი შედეგებით. რა თქმა უნდა, არსად მსგავსი ფრაზა არ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ან რაიმე ირიბი მინიშნება. უბრალოდ თუ ფრაზებს ამოვგლეჯთ, შუა ნაწილიდან დავიწყებთ კითხვას, შეიძლება, ვინმეს ასეთი განცდა დარჩეს, მაგრამ თუ მთლიანად ვნახავთ იმ პარაგრაფს და ასეც უნდა იყოს, არავის დარჩება ეს შთაბეჭდილება. ორივე სახელმძღვანელოში ეს ნარატივია გატარებული, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია, პროვოკაცია, რაც დასრულდა სამწუხაროდ დამატებით ოკუპირებული ტერიტორიებით. რა თქმა უნდა, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი და ეს პათოსია გატარებული ამ სახელმძღვანელოებში.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მოყვანილია ფაქტები, რომ ის იყო ბიზნესმენი, მეცენატი. რას აფინანსებდა მოკლედ არის მოთხრობილი. ასევე მოთხრობილია ინფორმაცია სხვა ლიდერების შესახებაც. იქ არის მესამე პრეზიდენტზე ინფორმაცია, პრემოერ-მინისტრზე, სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებზე, ვინც ამა თუ იმ კავშირში იყო და არის ამ თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებთან. იგივე, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტთან. არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ასოცირების შეთანხმებასთან მიერთება, ამაზე მუშაობა დაიწყო წინა პერიოდში და დაგვირგვინდა ამ დროს. ცოტა ძნელია პასუხი, რატომ წერია, რომ არის ქველმოქმედი. ვინც ქველმოქმედებას აკეთებს, ასე მოიხსენიეს და შეიტანეს, პრობლემას ვერ ვხედავ. გაჟღერდა ინტერპრეტაციები, რომ მას სხვა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ეს უკვე არის შეფასება, რასაც ისტორია შეაფასებს.

მოვუწოდებ ადამიანებს, ვისაც აქვთ კითხვის ნიშნები, მოიწერონ არგუმენტირებულად. ასეთ კომენტარებს ჩვენ მუდმივად ვიღებთ სახელმძღვანელოებზე და გვაქვს პრეცედენტი, როდესაც გრიფირებული, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები შეიძლება, შესწორდეს, თუმცა ამას სჭირდება არგუმენტირება და არა ისტერიკების ფონზე, ასეთი ლოზუნგებით და წიგნების დაწვის მოწოდებით გამოსვლა“, – განაცხადა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ.

banner
წინა სტატიაში„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება
შემდეგი სტატიასამნიძე: მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება