განათლების სამინისტრო – განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება.

უწყების განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი და სრულად ინტერპრეტირებული.

სტატიაში მითითებული, უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს.

„არაერთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სამინისტროს დელეგაცია შედგებოდა როგორც პრეს-ცენტრის, პროტოკოლის, საორგანიზაციო და გადამღები ჯგუფების, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებების თანამშრომლებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრისა და მოადგილეებისგან. შესაბამისად, დაქირავებული მიკროავტობუსი/მინივენი 5 დღის მანძილზე ემსახურებოდა როგორც მთელ დელეგაციას, ასევე, გამოიყენებოდა ღონისძიებების ლოკაციებზე გადაადგილების და შესაბამისი აპარატურის, საგამოფენო წიგნებისა და მასალების გადატანისთვის.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წიგნის ბაზრობის გარდა, ფრანკფურტის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა არაერთი ლიტერატურული, სამეცნიერო, თეატრალური, მუსიკალური, საგამოფენო, სამეცნიერო ღონისძიება.

კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ დელეგაციის ყველა წევრის ხარჯი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ლიმიტსა და ნორმებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რომელიც განათლების ყველა კომპონენტის განვითარებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ტიპის მიზანმიმართული ქმედებები აზიანებს როგორც რეფორმის დანერგვას, ასევე, განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაჩხრეკა – ამოღების შედეგად მოპოვებული მტიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება