განათლების სამინისტრო – ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

განათლების სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ შვიდ დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით.

სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა მთავრობას: არ დახუროთ სკოლები
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ყველა პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი