განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.

განათლების საერთაშორისი ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ ( https://app.iec.gov.ge/ ).
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

აგრარული მეცნიერებანი;
განათლება; ინჟინერია;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
სამართალი;
არქიტექტურა;
საჯარო მმართველობა;
მენეჯმენტი.
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.
უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომელთაც გააჩნიათ ინსტიტუციური თანადაფინანსება ან/და პირველად გეგმავენ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, აგრეთვე, სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ.
ცენტრის ცნობით, პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.
კერძოდ, პირი, რომელსაც:

მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;
სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებულ საქმიანობის შინაარსს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

განაცხადების წარმოდგენის ვადაა – 26 აპრილიდან – 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვაქვს ცუდი კანონმდებლობა, მაგრამ გვაქვს იუსტიციის საბჭო, რომელიც კარგად ირგებს ამ კანონმდებლობას”
შემდეგი სტატიაქობულეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა