გამოვითხოვთ მასალებს და ვნახავთ, რამდენად კანონიერად ხდებოდა ჩაწერა – გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანის სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დოკუმენტების გამოთხოვას და საქმის შესწავლას გეგმავს.

ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გუშინ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა, გარდა მისი შვილის უფლებების დაცვისა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოითხოვენ მასალებს და გამოიკვლევენ, რამდენად კანონიერად მოხდა სუბელიანის საუბრის ჩაწერა და შემდეგ მისი გავრცელება.

„ჩვენც ამ შემთხვევაში იმ საკითხების შესწავლა გვინდა ამ სფეროს გარშემო, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. პირველ რიგში, მირზა სუბელიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ჩვენ შეხვედრა სწორედ იმიტომ განვახორციელეთ, პირველ რიგში, ის ხომ არ ხედავდა რაიმე უსაფრთხოების პრობლემებს მასთან დაკავშირებით. ასევე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. მან, როგორც გუშინ განგვიცხადა, მას არ სურს ამ ეტაპისთვის სახალხო დამცველის რაიმე კუთხით მხარდაჭერა. მან არ მოგვაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, ჩვენ ამ შემთხვევაში შევისწავლით გარკვეულ დოკუმენტებს, გამოვითხოვთ მასალებს და ვნახავთ, რამდენად კანონიერად ხდებოდა ჩაწერა, თუ ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელდა, შემდგომ რამდენად კანონიერად მოხდა მისი გავრცელება და ამ კუთხით მოვახდენთ შესაბამის შეფასებას,“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ფარული აუდიოჩანაწერიდან, რომელიც P.S.-ში გავიდა, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

მირზა სუბელიანი ასევე ჰყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება. ჩანაწერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მას ციხეში ჩაჯდომა “სახელმწიფოს გადასარჩენად“ სთხოვეს.

მირზა სუბელიანის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.

banner
წინა სტატიაშივიღაცის “ოცნება” დაკავებულია იმით, რომ საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან წაიღონ პარლამენტი
შემდეგი სტატია,,ეს არის პროკურატურის „ცირკაჩობა“ და მეტი არაფერი – შეხედეთ, ვიქტორ ჯაფარიძეს, ფურცლიდან ძლივს კითხულობდა დაწერილს”