გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

არჩილ ტატუნაშვილი

გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის უკანონო დაკავება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა, ქ. სოხუმში 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული უკანონო „რეფერენდუმის“ შედეგად კი, ცხინვალის რეგიონს სახელწოდება შეეცვალა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის („ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“) მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ დაერქვა, რაც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

”2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი გათავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის
შემდეგი სტატია2017 წელს საქართველო კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობას