გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, მესამე მოსმენით განმეორებით უყრიან კენჭს.

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე პარაკევს ჩააგდო. უმრავლესობამ მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელა. ოპოზიციის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას თუ როგორ უპასუხიმგებლოდ ეპყრობა „ქართული ოცნება“ განათლების სფეროს.

„შემაძრწუნებელია, რამდენად გაუაზრებელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშრებით და რამდენად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან უმრავლესობის წევრები თავის მოვალეობებს. ჯერ იყო და ორი-სამი თვით ადრე დაანონსეს, რომ გაუქმებულია გამოსაშვები გამოცდები, ახლა დაჩქარებული წესით გაჰქონდათ და ჩაუვარდათ კანონი.“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოსწავლეები გაწბილებულები არ დარჩებიან.

„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გუნდში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. ახლა არის საჭირო, რომ კენჭისყრით გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება, რაც წინა ჯერზე ვერ მოხერხდა. მე მინდა დავარწმუნო ყველა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი პირობა იქნება შესრულებული.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტში გევენეტაძის მოსმენა გაგრძელდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ტელეკომპანია იმედს მიმართავს