გამორიცხულია, 400-500 ლარად ცხოვრობდეთ, ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ – ხაბეიშვილი ბურჭულაძეს

მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ. თქვენი ბიოგრაფია წავიკითხე და ქართუ ბანკში მუშაობდით 2004 წელს – მიმართა ენმ-ს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თავდაცვის მინისტრს, რომელიც პარლამენტში დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში იმყოფება.

ხაბეიშვილმა მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაზე ჰკითხა:

„დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! ღმერთმა გამრავლოთ და კარგად გიმყოფოთ. გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ. დეკლარაცია თქვენ შეავსეთ და იქნებ ვინმეს გადაახედოთ, პირდაპირ წერთ, რომ კორუმპირებული ხართ. გამორიცხულია, რომ 400-500 ლარად ცხოვრობდეთ, ეჭვი მაქვს მინიმუმ 1200 ლარიანი პიჯაკი გაცვიათ“, – მიმართა ხაბეიშვილმა ბურჭულაძეს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რატომ ვერ ეზრდებათ ჯარისკაცებს ხელფასი, რატომაა მათი ანაზღაურება იმდენად მინიმალური, რომ ქვეყნიდან წასვლა უწევთ. მაგალითისთვის კი მფრინავები მოიყვანა, რომლებიც მისივე თქმით, სამუშაოსთვის აფრიკაში მიდიან.

ხაბეიშვილმა ბურჭულაძეს ასევე ჰკითხა, რატომ არ დაესწრო გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართულ შეხვედრებს, რომელსაც თითქმის 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხებზე მსჯელობდნენ. ასევე იკითხა თავდაცვის სამინისტროს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რუსულ სანქცირებულ კომპანიასთან:

“1-ელ აპრილს, სამინისტრომ რომ როსნეფტის შვილობილ კომპანიასთან , სანქცირებული კომპანიის შვილობილ კომპანიასთან 887 ათასი ლარის ხელშეკრულება გააფორმა, რატომ აკეთებთ ამას? რუსულ ენერგორესურსებით რატომ ამარაგებთ თავდაცვის სამინისტროს და რატომ ვიხდით ბიუჯეტიდან ამაში ფულს” – მიმართა ხაბეიშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძეს.

banner
წინა სტატიაშიძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში საქართველოსთან დაკავშირებით – შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე: „დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა“