,,გამორიცხული არ არის, რომ გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში მოხდეს”

გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ გვქონდეს მეორე პიკი, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სტატისტიკური მაჩვენებლები ორშაბათს გამოქვეყნდება.

„გრიპი ევროპაში იწყება წლის მეორმოცე კვირიდან. ანუ თანდათან იმატებს და როგორც წესი, მთავრდება მომავალი წლის მე-20 კვირას. მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებელი არის დაახლოებით ასეთი: როგორც წესი, მე-40 კვირიდან მომავალი წლის მე-20 კვირამდე არის გარკვეული პიკური სეზონი, რაც შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა, ან შეიძლება 5 კვირაც. შეიძლება იყოს ერთი ტალღა, შეიძლება ორი ტალღა. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებლები, როდესაც დღევანდელი მაჩვენებლის დაახლოებით ხუთჯერადი ზრდა გვქონდა – 2009, 2010, 2011, 2012 წლების სეზონზე, როცა წელიწადში ორი პიკი იყო, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში მზაობა ყოველთვის არის.

ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დაკვირვებას ქვეყანაში რომელი ვირუსები ცირკულირებს. მე-40 კვირიდან დაწყებული ვირუსი არ ყოფილა შარშან. ვირუსი გამოჩნდა 45-ე-46-ე კვირას, მერე თანდათანობით მან მოიმატა და დეკემბრის ბოლო სამი კვირა გვქონდა სერიოზული ზრდა, როდესაც ავედით პიკზე 277-ზე 100 000 მოსახლეზე. შემდეგ იანვრის პირველი კვირას უკვე ოდნავ, 21 ერთეულით შემცირებისკენ წამოვიდა. ამ კვირის მაჩვენებლები გამოქვეყნდება ორშაბათს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ავადობის მაჩვენებლის სტაბილიზირება მიდის. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გვქონდეს მეორე პიკი, ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში. განსაკუთრებით ეს შეიძლება იყოს თებერვალში. სხვადასხვა წლებში პიკი ზოგჯერ დეკემბერში,ზოგჯერ იანვარში, ზოგჯერ თებერვალსა და მარტშიც ყოფილა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნა ამ მომავალი სამი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს და არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას პარლამენტის მხარდაჭერა არ აქვს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის ადვოკატი-ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო