გამომძიებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება – ნათია მეზვრიშვილი

დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმებზე სასტუმრო „რედისონში“ იმსჯელეს.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, რეკომენდაციები წარადგინა მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან, სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. ამ პროექტის ფარგლებში განვიხილავთ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის საკითხს. ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები. ამ მექანიზმის ჩამოყალიბება და მონაცემების შეგროვება დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ, სად იჩენს თავს პრობლემები და როგორ უნდა ჩაერთოს მათ მოგვარებაში სამუშაო ჯგუფის მონაწილე მხარეები,“ – განაცხადა კრისტიან ურსემ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შსს-ის მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება.

„სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს რაც შეეხება, საკმაოდ გააქტიურებულები ვართ ბოლო წლების განმავლობაში, 2010-2018 წელს ვგულისხმობ. 150-ზე მეტი პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც, ფაქტობრივად, სამჯერ აღემატება 2017 წლის მონაცემებს ანუ გამომძიებლებმა ისწავლეს უკვე, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება. კოორდინირებულად ვმუშაობთ პოლიციასთან და დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება, იმიტომ, რომ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე განსხვავებული აქვთ პროკურატურას, შსს-ს, სასამართლოს. ევროსაბჭო გვეხმარება იმაში, რომ სტატისტიკის ერთიანი მოდული შევიმუშაოთ,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიაში თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო-სოფო კილაძე