გამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს აქტიურობისა და დესტრუქციული ქმედებისკენ

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე 20-21 ივნისის მოვლენებზე “კვირის პალიტრას” ესაუბრა.

“მინდა მივყვეთ 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგიას: აქცია დაიწყო დაახლოებით 19:00 საათზე და 22:00 საათისთვის ძალადობრივი სახე მიიღო. გამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს აქტიურობისა და დესტრუქციული ქმედებისკენ, მათ შორის პარლამენტში შეჭრისკენ. დაახლოებით საღამოს 10 საათიდან დაიწყო ის, რაც თითოეულმა მოქალაქემ ნათლად დაინახა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შუქდებოდა დესტრუქციული აქტივობები, გააქტიურდა ეგზალტირებული მასა, ასეულობით მოქალაქე გადავიდა ძალადობაზე.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვები და მალე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. როგორც იცით, პროკურატურამ დაინახა სს კოდექსის 315-ე მუხლის ნიშნებიც, შესაბამისად, ჩვენც დავამატეთ ეს მუხლი და ინტენსიურად ვაგრძელებთ­ საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ეტაპზე შედგენილია მოწმეთა ბაზა და დაკითხვები მიმდინარეობს.

150-200 კაცი უშუალოდ ძალადობდა, თუმცა მათ უკან იყვნენ სხვები, ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა, აწოდებდნენ ბლაგვ საგნებს, ქვებს, ბოთლებს, თუმცა ბირთვს, რომელიც დაუპირისპირდა პოლიციას, და ურტყამდა, ვფიქრობთ, ასეულობით კაცი შეადგენდა.

კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ არის დაზუსტებული, რამდენი კაცი იყო აგრესიული, შეიძლება იმ ეტაპზე 200-300 მოქალაქე აწვებოდა პოლიციას, მაგ­რამ ისინი იცვლებოდნენ, ვიღაც იღლებოდა, გამოდიოდა და მას სხვა ცვლიდა, ვიღაც ბლაგვ საგანს ან ქვას იღებდა და ისე უსწორდებოდა პოლიციას. რა თქმა უნდა, ვაკავებდით ამ ხალხს, მაგრამ ისინი, ძირითადად, დისტანციურ კონტაქტში შემოდიოდნენ – “დუბინკებითა” და სხვადასხვა საგნით და მათი პირდაპირ დაკავება და შიგნით შეყვანა, ვერ ხერხდებოდა. შეუძლებელი იყო ყველას დაკავება.

პოლიცია დაახლოებით 2 საათი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მხოლოდ ფარის ანაბარა იცავდა თავს და პარლამენტს აქტიური შტურმისგან. მაქსიმუმი კეთდებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური, კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე დაგვეცვა პარლამენტის შენობა, თუმცა 00:00 საათისთვის, შტურმის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაიტაცეს 316 ფარი, პოლიციელებს წაართვეს ჩაფხუტები და ხელკეტები, გაიტაცეს 30 პოლიციელი და გაუსწორდნენ ფიზიკურად, გარდაუვალი გახდა აქციის დაშლა. ერთმა პოლიციელმა ცემისგან ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა… როცა 2 საათის განმავლობაში პოლიციელები იბრძვიან და იგერიებენ შემოტევას, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა შეკავება და იმისათვის, რომ პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა და ამავე დროს დაგვეცვა პარლამენტის შენობა ძალადობრივი შტურმისგან, იძულებული ვიყავით დაგვეწყო აქტიური საშუალებების გამოყენება”, – აცხადებს საბანაძე.

მისივე თქმით, რომელიმე პოლიტიკოსის იქიდან გამორიდება შეუძლებელი იყო.

“მასა იყო აგრესიული, ეგზალტირებული და შეტევაზე გადადიოდა… სამწუხაროა, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ დარჩენილა, მიატოვეს იქაურობა. რეალურად, დარჩა აგრესიული, ეგზალტირებული მასა, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციას და დაშავდნენ ისინი, ვინც პოლიციას თავს ესხმოდნენ”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე “კვირის პალიტრასთან”.

მისივე თქმით, მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც.

“მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყება აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს”, – განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის”
შემდეგი სტატია“სამართალდამცველების თითოეულ გადაცდომას მიენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და მოჰყვება რეაგირება”