გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს

“იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, დადებითი ბალანსი მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს აქვს, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მოსწონს (38%), ვიდრე არ მოსწონს (23%).

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს. მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძე, რომელიც გამოკითხულთა 23%-ის სიმპათიით სარგებლობს, თუმცა, 37% მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 23%-ის მოწონებას იმსახურებს, ხოლო 39%-ს ის არ მოსწონს.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიმართ კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობა 20%-ია, ხოლო 38% – არაკეთილგანწყობილია.

ყველაზე მაღალი უარყოფითი განწყობა, კვლევის თანახმად, ირმა ინაშვილს (43%) და ნინო ბურჯანაძეს (58%) აქვთ. ირმა ინაშვილი ამომრჩევლის 15%-ის, ხოლო ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის 13%-ის სიმპათიით სარგებლობს.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “JPM Strategic Solutions”-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.

banner
წინა სტატიაში“ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი”
შემდეგი სტატიახვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 32% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას