გამოკითხვაზე მიყვანილი პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა – შსს

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, გამოკითხვაზე, პირი შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დარახველიძემ განაცხადა, პირმა, რომელიც გარდაიცვალა ჩხუბის დროს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

დაპირისპირება 7 ივნისს, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა, რა დროსაც, 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.

დარახველიძის განცხადებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც კონფლიქტში მონაწილე, ისე შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მიიყვანეს.

“საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული შელაპარაკება, იმავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს, 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.ს.-ს. ხოლო ა.ყ.-ს თანმხლებმა პირმა ი.ტ.-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ.-სა და დ.ს.-ზე.

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს. მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციამ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 დღეში ა.ყ. გარდაიცვალა”. – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. მათ სასამართლოს მიერ უკვე შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

banner
წინა სტატიაშისანქცირებული გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს
შემდეგი სტატიაოცნების მხარდამჭერი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს