30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ მხარს უჭერს

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (71%) კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას,- ნათქვამია საქართველოში საზოგადოებრივი აზრის 2026 წლის ყოველწლიურ კვლევაში.

ამასთან, კიდევ უფრო მეტი 79% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე უარყოფით შედეგებს.

კვლევა ჩატარდა 2026 წლის იანვარ–თებერვალში და მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ, წარმომადგენლობით, 1,000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს პროგრამა EUNEIGHBOURS East საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ სხვა ქვეყანაში.

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად. მას ენდობა რესპონდენტთა 67%. თუმცა შემცირებულია იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2025 წელს 63% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 49% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის მიმართულებით სწორი გზით არ მიდის, ხოლო 56% მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე უარყოფითად მოქმედებს გაწევრიანების პროცესზე. ამავდროულად, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირის გზაზე პროგრესისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულობა კვლავ მაღალია 70%, ხოლო თითქმის ნახევარი (48%) მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. რესპონდენტების შეფასებით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს განათლებასა და უწყვეტ სწავლაში (38%), ეკონომიკურ განვითარებასა და ვაჭრობაში (34%) და ჯანდაცვის სფეროში (33%).

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიმართ პოზიტიური აღქმები ძლიერია (76% ხედავს შესაძლებლობებს, ხოლო 75% მიიჩნევს, რომ წევრობა გააძლიერებს უსაფრთხოებას), მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეულ შეშფოთებასაც გამოხატავს: 43% აცხადებს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს, ხოლო 51% მიიჩნევს, რომ მას ფარული ინტერესები აქვს.

კვლევამ ასევე აჩვენა ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის შემცირება. მხოლოდ 40% აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჰქონდათ ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამოცდილება, რაც 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, რესპონდენტები მაღალ დონეზე ხედავენ დეზინფორმაციის საფრთხეს 86% მას ეროვნულ უსაფრთხოებაზე რისკად მიიჩნევს. კვლევის შედეგებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ვერ გაექცევა
შემდეგი სტატიაპროკურორის, ინფორმაციით, მათთვის უცნობია ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის, ია დარახველიძის ადგილსამყოფელი