გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს – 27 პროცენტი რუსულ სამხედრო აგრესიას ასახელებს. 13 პროცენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ხოლო 11 პროცენტი რუსულ პროპაგანდას.

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში გამოკითხულთა 29 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს, 20 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, არაუმეტეს სამი პასუხისა – კვლევის ამ ნაწილის მიხედვით, 60 პროცენტი ევროკავშირს ასახელებს, 38 პროცენტი აშშ-ს. გამოკითხულთა 20 პროცენტი რუსეთს, 17 პროცენტი ნატო-ს.

NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

გამოკითხვის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 60 პროცენტს შეადგენს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა. უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს უახლოესი ეკონომიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი- ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

კვლევის თანახმად, 2022 წლის მერე, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა. ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შედარებით მაღალია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირი და აშშ ყველაზე სასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 79 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 11 პროცენტისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ნიკა მელიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს
შემდეგი სტატიააფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა