13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

გამოიწვევს თუ არა პლასტიკის პროდუქტებზე ახალი რეგულაცია პროდუქციის გაძვირებას

პლასტიკის პროდუქტებზე რეგულაციების გამკაცრების გამო, ბიზნესს პროდუქციის გაძვირება დაახლოებით 20-30%-ით მოუწევს.

ამის შესახებ BM.GE-სთან სამწვადის „ცეცხლი აინთო“ თანადამფუძნებელმა, გიორგი ახსაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მართალია ობიექტი პლასტიკს მინიმალურად იყენებს, თუმცა, როგორც ახსაბაძე აღნიშნავს, პლასტმასის ახალი რეგულაცია, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, ბიზნესის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

„პლასტმასის პროდუქციის აკრძალვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ მას მინიმალურად ვიყენებთ, მაინც მოგვიწევს ახალ რეგულაციებზე გადაწყობა, რაც, სავარაუდოდ, ფასების დაახლოებით 20–30%-ით გაძვირებას გამოიწვევს“, – ამბობს ახსაბაძე.

ბიზნესის ერთ-ერთ დამატებით გამოწვევად ის ქართულ ხორცზე დამოკიდებულებას ასახელებს. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის მიწოდება სტაბილური არ არის, რაც ხარისხიანი პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას ართულებს.

„ჩვენი ძირითადი პროდუქცია ქართული ხორცია. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ნედლეულზე ვართ დამოკიდებული, სადაც ხშირად დეფიციტური სიტუაციაც იქმნება. ხარისხიანი პროდუქციის მოძიება მუდმივი სირთულეა“, – აცხადებს ის.

მისი განმარტებით, დამატებით პრობლემას ქმნის ისიც, რომ მომწოდებლებს ზუსტი პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რაც მიწოდების ჯაჭვში გაურკვევლობას აძლიერებს.

საგულისხმოა, რომ კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20–30%-ით გაიზარდა, რაც ორივე მოქმედ ფილიალს ეხება.

ამ დროისათვის, სამწვადის „ცეცხლი აინთო“ სწრაფი კვების რესტორნები – ვაკეში, აბაშიძის აბაშიძის 10-ში და საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში მდებარეობს. მიმდინარე წელს კი, კიდევ სამი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ობიექტის მენიუს ძირითადი პროდუქტი – კახური, კლასიკური და ქათმის მწვადია.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება:

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

banner
წინა სტატიაშიმალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაროგორია ელისო ბოლქვაძის ქონებრივი მდგომარეობა?