გამოძიების დაწყების დაკავშირება არჩევნებთან საფუძველს მოკლებულია – რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას პირველ ტურთან?

გამოძიების დაწყების დაკავშირება არჩევნებთან სრულიად საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს იმის თაობაზე ჰკითხეს, ხომ არ უკავშირდება აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება არჩევნების პირველ ტურში მიღებულ შედეგებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ საქმეზე გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო და ამის შესახებ შესაბამისმა ორგანოებმა განცხადება გააკეთეს.

მისივე თქმით, გამოძიების დაწყების არჩევნებთან დაკავშირება დეზინფორმაციის გავრცელებაა.

„პირველ რიგში, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბუნებრივია, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას სამართლებრივი შეფასება მივცე ამ მოვლენას. გამოძიება დაწყებულია არჩევნებამდე გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი. ეს არის სწორედ სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს. თუ ადამიანზე გაჩნდა ეჭვები და არსებობს შესაბამისი სამხილები, გამოძიება უნდა დაიწყოს მალე და შედეგიც რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. ამის დაკავშირება არჩევნებთან სრულიად საფუძველს მოკლებულია. ეს არის ყოველდღიური პროცესი, რომელიც იმისდა მიუხედავად უნდა იყოს, გვაქვს თუ არა არჩევნები. შესაბამისად, როდესაც გამოძიების დაწყება ან დასრულება რაღაც თარიღს დაემთხვევა, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი. მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება. ვადები შეიძლება ბევრ რაღაცას დაემთხვას, მაგრამ დეზინფორმაციის გავრცელება მასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან ჩვენს საზოგადოებას. ვიდრე განაჩენი არ დადგება, არავინ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს იმის უფლება, ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1 ნოემბერს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).

banner
წინა სტატიაშიტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის განცხადება უცნაურია, ვინაიდან პაცინტებს აღენიშნებათ მძიმე სახის დაზიანებები აღენიშნებათ
შემდეგი სტატიაპროდიუსერი ვარ და გადაცემისთვის სტუმრებს ვათანხმებდი – შალვა რამიშვილი “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა