გამყრელიძის განცხადებით, დღეს მოსახლეობის 90-95%-მა რომ ატაროს პირბადე, ამით იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება

პირბადე დღეს ყველამ რომ ვატაროთ, მოსახლეობის 90%-95%-მა, მარტო ამით იანვრამდე დავზოგავთ კიდევ 200-300 ადამიანის სიცოცხლეს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ პანდემიის მართვა არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამას მართავს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ყველაზე კარგად ვირუსის გავრცელება მაშინ იმართებოდა, როდესაც საზოგადოება მაქსიმალურად სოლიდარული და დამყოლი იყო.

„ხარვეზები ყველაფერში არის. პანდემიის მართვა ეს არ არის მარტო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ამას მართავენ, აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა. როდესაც დამყოლობა იყო უკეთესი, შარშან გაზაფხულზე, როდესაც ჩვენ ყველა ვიყავით ერთად, იყო დიდი სოლიდარობა ქვეყანაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და საზოგადოება ვიყავით ერთიანი, მაშინ პანდემია იმართებოდა.

სამწუხაროდ, ეპიდმაჩვენებლები გვიუარესდება ქვეყანაში, რაც არ არის კარგი. ის, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი და აღსრულება არ არის, მე ამას ხშირად აღვნიშნავ და ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას, ვინც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ მე ხშირად გეუბნებით, მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე 2 წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ, რომ ეს უმარტივესი, რაც არის როგორმე ყველამ ვატაროთ. ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, მოსახლეობის 90%-95%-მა, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდევ 200-300 ადამიანის სიცოცხლეს მარტო ამით. ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ მე თქვენ დაგადგეთ თავზე და გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს, ბატონო, ეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭო დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიოსელიანი – სახალხო დამცველზე თავდასხმა მიუღებელია