გამყრელიძე – უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად

ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არ არის ერთი ან ორი კვირის პერიოდის, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორ გამყრელიძემ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ახალქალაქში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელი წინაპირობა არის ვაქცინაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33 პროცენტი, რაც საკმარისი არ არის.

„ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს, მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას.

მე-5 ტალღაა, დღესაც 4 000 შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებებს. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ,,აფხაზეთის კუთხე’’ გაიხსნა
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი სახელისა და ლოგოს გამოყენებით სუბიექტებს თანხებს სძალავენ