გამყრელიძე – „სინოვაკის“ ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება

„სინოვაკის“ ვაქცინის ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ახლა გვაქვს 100 000 ათასი „სინოვაკი“ რეზერვში, რომლის ადმინისტრირებაც მომავალ კვირაში დაიწყება. მანამდე ორი-სამი დღით ადრე გამოცხადდება, გაიხსნება პორტალზე შესაბამისი ფანჯრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც „სინოვაკით“ აცრა უნდა. დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება, რაც გახლავთ „სინოფარმზე“, 18 წლის ზემოთ. 100 000 დოზა ნიშნავს 50 000 ადამიანის ორჯერად აცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „სინოვაკის“ მეორე დოზა, განსხვავებით „სინოფარმისგან“, კეთდება ორიდან ოთხი კვირის ვადაში, ანუ 14-დან 28 დღის ფარგლებში.

„ისიც გახლავთ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს მთელ რიგ ქვეყნებში. 32 ქვეყანაში არის ის ახლა ავტორიზებული. გადის ავტორიზაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მისი პირველი შეფასება უკვე იყო. ასევე, გადის ავტორიზაციას ევროპის წამლის სააგენტოში“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ „სინოვაკის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს. ჩინური წარმოების კიდევ ერთმა ვაქცინამ, „სინოფარმმა“, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან მიმდინარეობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია ცოტა ხნის წინ, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდმანისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს