გამყრელიძე: შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის. სამწუხაროდ, ეს ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან იწყება და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს და ავიცრათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ აცრას შეუძლია ეპიდემიის შეჩერება.

„ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია.

რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ, ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს, 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური გაზაფხული ახლოვდება
შემდეგი სტატიაცესკო: არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება