გამყრელიძე-ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და გამოსაკვლევ პირთა წრეც გაფართოვდა.

თუმცა, გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია, რაც არაპირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს.

მიუხედავად ამისა, გამყრელიძე კვლავ აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აღნიშნული მონაცემები სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა და ნიღაბი, დისტანცია, ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება კვლავ მთავარი რეკომენდაციაა.

„ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია. ივნისში უკვე საშუალოდ 1800-ზე ვართ ასული დღის განმავლობაში, ივლისში, გუშინწინ გვქონდა 3000, 2800-მდე გუშინ. ანუ, იზრდება. არის მთავრობის ახალი დადგენილება, დაახლოებით, ორი კვირის წინანდელი, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ჯგუფები, სადაც ტესტირება ტარდება. ასევე, გაიზარდა სიხშირე. იგივე ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ვინც კოვიდის კლინიკებში, ცხელების ცენტრებში მუშაობენ, სასწრაფოს ექიმები და ა.შ. იქ პერიოდულობა ერთ კვირამდე შემცირდა, ზოგან ისევ ორი კვირა დარჩა.

მოგეხენებათ, ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია. ანუ, ეს იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ჩვენთან შიგნით, ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი დღეობები, დიდი ქორწილები, დიდი შეკრებები, რადგან პრინციპი რჩება – ნიღაბი, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითურნავა-კონგრესმენ მალინის განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, საბოლოოდ მივიღებთ პლატფორმას ამ არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტუნარიანი იქნება”