გამყრელიძე – პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი იქნება აცრილი და ვერ შესრულდება დასახული გეგმა, რომელიც 60 პროცენტს გულისხმობდა.

„მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადად აცრის დაახლოებით 40 პროცენტზე გავალთ, 60 პროცენტი გვქონდა დასახული. გიდასტურებთ, რომ წლევანდელ გეგმას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება გეგმის განახლება, რითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70 პროცენტზე ასვლა. ოღონდ, დაყოფილია, როგორ უნდა ავიდეთ 70 პროცენტზე. ამას შემდეგ გაგაცნობთ. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90-პროცენტიანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80-პროცენტიანი და შემდეგ უფრო დაბალი“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა ის ძირითადი მიზეზები, რატომაც, მისი შეფასებით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ვერ წარიმართა იმ სისწრაფით, როგორც სურდათ.

„რაც შეეხება რა არის მიზეზი, ერთი მიზეზი არ არის, ბევრია და ეს სამსჯელოა, განსახილველია. პირველი – დავაკელით, და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე – ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე – ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაიარად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – სიკვდილიანობა, როგორც წესი, 2-3 კვირით ჩამორჩება ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობის ზრდას
შემდეგი სტატიასააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერილია და ჩვენი ვალდებულება იყო დაბრუნებულიყო პენიტენციურ სამსახურში – ბრეგაძე