გამყრელიძე – ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს

შარშან საქართველოში „კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანაში ორსულთა ვაქცინაცია შედარებით გვიან დაიწყო.

გამყრელიძის განცხადებით, ორსულებისთვის დაშვებულია „ფაიზერის,“ „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის.

რაც შეეხება ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში გამოიყენება, კოვიდვაქცინებს უწერიათ, რომ კვლევები ორსულებში არაა ჩატარებული, რის გამოც საქართველო ორსულებს ჩინური პრეპარატით ვერ აცრიდა.

„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, პირველი დასახელების ვაქცინა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა, „ასტრაზენეკას“ გამოყენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი კი 45 წელია, რაც რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარს წარმოადგენს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.

„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წინა სტატიაშიგამყრელიძე – თუ სკოლის პერსონალის 80% აიცრება, შეიძლება დაიწყოს დასწრებული სწავლება
შემდეგი სტატიაზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს