გამყრელიძე – ორჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებზე მსჯელობა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია გარკვეულ შეღავათებზე „კომენდანტის საათთან“, სამასპინძლო დაწესებულებებთან, ან პირბადის ტარებასთან მიმართებაში.

„ამაზე ვმსჯელობთ და დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე წინადადებები, ალბათ პრემიერთანაც იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში. საუბარია გარკვეულ შეღავათებზე კომენდანტის საათთან, სამასპინძლო დაწესებულებებთან, ან პირბადესთან მიმართებაში. სიმართლე გითხრათ, პირბადის გამოყენება სანამ კუმულაციური, კრიტიკული მასა ქვეყანაში არ აიცრება პირბადის ტარებაზე უარს ვერ ვიტყვით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, კლინიკების ანაზღაურება ორჯერადი აცრის შემთხვევაში 10 ლარამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფოს ჯამში 34 მილიონი ლარი დაუჯდება.

„კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეულია შეთანხმება, დღევანდელი ორჯერადი აცრის ღირებულება თუ არის 5 ლარი ის გაიზრდება ორჯერ და გახდება 10 ლარი. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს 3.4 მილიონი აცრა, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება და ჩვენ იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტარები ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას აწერენ ხელს
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდი ითხოვს ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას