გამყრელიძე: „ომიკრონის“ შემთხვევების დაფიქსირების გამო ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს ფაქტი მცირედით დასტაბილურებულ ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის.

ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდვითარების დასტაბილურების ტენდენცია დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება.

„ამ შტამთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი აღინიშნა. დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი. ასევე, ბავშვებს. ჯერჯერობით კორონავირუსის რა შემთხვევებიც არის გამოვლენილი, დღევანდელი რიცხვით უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული „ომიკრონი“, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაა, მაგრამ მომავალში როგორ განვითარდება, ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ზოგადად, ეპიდსიტუაცია ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ანუ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი, უმჯობესდება, მათ შორის სიკვდილობის მაჩვენებელი. სტაბილიზაციისკენ სვლის დინამიკა გრძელდება.

„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ ნელ-ნელა თუ გავრცელდა, იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, რომ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იქნება ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მნიშვნელოვანია, პროცესი დასაწყისშივე არ დავაზიანოთ
შემდეგი სტატიაგამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს