გამყრელიძე: მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გასაკეთებლად მზად არის

წინასწარი გამოკითხვებით, ვიცით, რომ 50-დან 60 პროცენტის ფარგლებშია მოსახლეობის მზაობა, რომ აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.

ძალიან მინდა, მოსახლეობის 60 პროცენტი წელს ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ „კოვიდს“ ვერ დავამარცხებთ. ამიტომ, ყევლანი უნდა გავერთიანდეთ და კარგად გავითავოსოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.