გამყრელიძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე: ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა – დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ ვის პასუხისმგებლობას ხედავს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში.

„პოლიტიკურ კითხვებს პასუხს არ ვცემ, მაგრამ, როგორც მოქალაქე, გიპასუხებთ. ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა – დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები, განსაკუთრებით, დღეს, როცა ქვეყანას ძალიან რთული სიტუაცია, როცა, შეიძლება, დიდი ალბათობით, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსოს გარდაცვალების გამო. მე კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა, ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა, პარმენ კახიძე ჩვენი მასწავლებელი იყო. ის იყო გამორჩეული ქირურგი ჩვენი თაობის დროს, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით, მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. ბევრი რამ გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ, ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 50% სრულად ვაქცინირებულია