გამყრელიძე: ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000 ვაქცინაზე და ეს გარკვეულად გარანტირებულია

ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000 ვაქცინაზე და ეს გარკვეულად გარანტირებულია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გამყრელიძის თქმით, გეგმის თანახმად, მაისის ბოლომდე ორჯერადად უნდა აიცრას 200 000-მდე ადამიანი, ხოლო ივნისიდან ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა.

„გუშინწინაც იყო გაერო-ს გენმდივნის გამოსვლა, რომ დაახლოებით 160-მდე ქვეყანას ჯერ მსოფლიოში ვაქცინაცია არ დაუწყია. ასევე, დიდი შვიდიანის მოწოდება იყო, რომ მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დათმობის პოლიტიკა უნდა აწარმოონ და შესაბამისად, გადაუნაწილონ დოზები დაბალ და საშუალო განვითარებად ქვეყნებს. ჩვენი სამიზნე წლის ბოლოსთვის არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს არის 1 700 000-მდე ადამიანის აცრა. დიახ, ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერთად ყველამ – ექიმებმა, მოსახლეობამ, საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა მხარი უნდა დაუჭიროთ ამ პროცესს, რომ ამას მივაღწიოთ. მაშინ ქვეყანაში ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომელიც შეაჩერებს პანდემიას.

დიახ, დღეს ვაქცინების გლობალური დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ პროგნოზები ასეთია, რომ დაახლოებით აპრილ-მაისსა და ივნისში ვაქცინების ბაზარზე უკვე გამოჩნდება რიგი, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც მიიღებს ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას, მათმა რაოდენობებმა წესით და რიგით უნდა გააჯეროს ბაზარი. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით 3,9 მლნ დოზა. აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000-ზე. ეს გარკვეულად გარანტირებულია. დამატებით ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა. არ ვსაუბრობ წინასწარ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი ე.წ. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, სადღაც მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ხოლო ივნისიდან უკვე მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როდესაც შეიქმნება უკვე შესაბამისი მარაგი, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: გადამზადების პირველი სერია ჩატარდა 10 კლინიკაში, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს თქვენს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ