გამყრელიძე: დაღმავალ ფერდზე ვართ

მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარამეტრის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.

„დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც​. ეპიდსიტუაცია მშვიდდება ისე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი და ინდიკატორი, როგორიც გახლავთ მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე. იგივე, დადებითობის პროცენტი აჭარაში დღეს გვაქვს 2 %-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, ანუ ასს არც ასცდენია. ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი 19 000 აცრა ჩატარებულია აჭარაში. პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის ჩატარება. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა, მათ შორის აჭარაში 2 000-დან 3 000-მდე აცრა უნდა ტარდებოდეს. ამის ყველა საშუალება აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი შესრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„პიკი გადავლილი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების უფლება. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ მიუხედავად იმისა, რომ რთულია. არავის არ გვინდა შეიძლება ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ აუცილებელია.

მეოთხე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუ ჩვენ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით, მაგრამ თუ დავიცავთ და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა დიდი ალბათობით, შეიძლება არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე: შესაძლოა, არავის გვსურს ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია
შემდეგი სტატია“შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება”