გამყრელიძე – ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო, ვითარება ისევ უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ ვითარება ისევ უარესდება. ამის შესახებ მან კავთისხევში განაცხადა, საიდანაც დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ვაქცინაციის მარათონში ჩართული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს.

„შიდა ქართლის სოფელი კავთისხევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია და აქედან დაიწყო საქართველოში იმუნიზაციის მარათონი, რომელიც დაახლოებით 49 დიდ სოფელში ჩატარდება. სამწუხაროდ, ვითარება ისევ უარესდება. მეხუთე ტალღის დაწყების ყველა მონაცემია. „დელტა“ შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა და ახასიათებს ასეთი ორთვიანი ციკლები. ახალი ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ დღეს ორშაბათია და კვირას ნაკლები ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

„შემთხვევათა რაოდენობა დღეს 2 400-ის ფარგლებში იმიტომ იყო, რომ დღეს ორშაბათია და კვირას ნაკლები ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ზოგადად კი, მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში. დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება. რით შეგვიძლია, ეს შევაკავოთ. რამდენიმე ინსტრუმენტია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის აცრა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მილიონ ადამიანს, ვინც აცრილია და აღვნიშნო, რომ სულ მცირე კიდევ ამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ახალი წელი მშვიდობიანი გვქონდეს. მარათონის დანიშნულებაც ეს არის, რომ ამ დიდ სოფლებში, სადაც ცხოვრობს 160 ათასი ადამიანი, გვქონდეს მაქსიმალური მოცვა.

ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ სტატისტიკას და ამით კარგად ჩანს, რომ საავადმყოფოში ვინც წევს, მათგან 95% აუცრელია, რეანიმაციაში მყოფთა 98% აუცრელია, სადაც გამოსავალი ცუდია და დგება გარდაცვალების ფაქტი, 98% მათგან აუცრელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა
შემდეგი სტატიატიკარაძე – არ ვარ ჩართული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვაში