საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინები ჩანაცვლდა. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამოიღეს ტერმინი “საოკუპაციო ზოლი/ხაზი”, რითაც მოიხსენიებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე, მომიჯნავე დასახლებული ან დაუსახლებელი პუნქტები, რომელსაც ოფიციალური თბილისი აკონტროლებდა.
2025 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებულ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში “გამყოფი ზოლია” ნახსენები (იხ.ფოტო).
ზოგადად, ტერმინს “გამყოფი ზოლი”, დიპლომატიური ეტიკეტის გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყენებს თავის ანგარიშებში, თუმცა, საქართველოს მთავრობას, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელია, არავითარი დიპლომატიური, თუნდაც სიმბოლური ვალდებულება არა აქვს, შედარებით მკაცრი ტერმინოლოგია რბილით ჩაანაცვლოს, მით უმეტეს, რომ ტერმინი “საოკუპაციო ზოლი/ხაზი” ხშირად გამოიყენება საქართველოს მოკავშირე ქვეყნებისა თუ დიპლომატების, პოლიტიკოსების განცხადებებში.
ტერმინების ჩანაცვლების შემდეგ, ფაქტობრივად, მივიღებთ მოცემულობას, როცა, ვთქვათ, ამერიკელი სენატორების განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საოკუპაციო ზოლზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე იმ ქვეყნის მთავრობის ოფიციალური განცხადებები, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.


















