გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მონაწილეობა მიიღო გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაში, რომელიც დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.

სხდომაზე ისაუბრეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების შესახებ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში კომიტეტის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით მოსახლეობისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მან კომისიას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ, კერძოდ, სოფელ ერგნეთში სტადიონის ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაძლებლობებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპორტული აქტივობის პერსპექტივების შექმნის შესახებ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, აღნიშნული საკითხის დადებითად გადასაწყვეტად კომისიას რეკომენდაციით მიმართა. მისი თქმით, ერთი თვის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი საპროექტო წინადადება და ხარჯთაღრიცხვა.

კომისიის სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. მასში სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ (გრიხა) მიქავა დაჭრეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა შედგება