გამგეობების მუშაობა და ჩამორჩენა – კერესელიძის გადადგომას მერი ეხმაურება

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წლის პირველ კვარტალში გამგეობების მუშაობის შედეგები შეაჯამა. კალაძე ამბობს, რომ გამგეობების უმრავლესობამ ბიუჯეტის 91-98% შეასრულა, თუმცა არის გარკვეული რაიონები, რომლებსაც მცირე ჩამორჩენა აქვთ.
„დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. უმრავლესობამ ბიუჯეტის შესრულების დაახლოებით 91-დან 98 %-მდე შედეგი აჩვენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გამგებლებს და გამგეობის თანამშრომლებს. არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც მცირე ჩამორჩენა აქვს – 75-78%-იანი შესრულება. მინდა გთხოვოთ, რომ ეს მიმართულება გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამგეობა, რომელსაც ჩამორჩენა ჰქონდა და მხოლოდ 58%-იანი შესრულება დააფიქსირა, სამგორის რაიონი იყო. აღნიშნულის შედეგად კი, სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. კალაძის შეფასებით, კერესელიძის ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია.
„ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს ჰქონდა ჩამორჩენა 58%-იანი შესრულება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გამგებელმა ბატონმა დავით კერესელიძემ განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიდგომებს ძალიან ვაფასებთ, ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რაიონის გამგებელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი, პირადად ჩემი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავებული ღირებულებებია და მათ გაერთიანება შეუძლებელია