8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“გამაშიშვლეს, ფიზიკურად გამისწორდნენ და ტელეფონის გახსნას მთხოვდნენ”- ყანჩელი

სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ადგილზე მყოფი ექვსი სამართალდამცველიდან ხუთი 25 წლამდე ასაკის იყო.

აქტივისტის თქმით, ინციდენტი 27 სექტემბერს მოხდა, როდესაც მას სარბენად გასვლისას ექვსი პოლიციელი დახვდა, კუკიის სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და ჩხრეკდა:

„მიზეზი, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, არ ვიცი, უბრალოდ უნდოდათ ჩემი ტელეფონის გახსნა. იმდენად ხშირად ხდებოდა ჩემი ჩხრეკა ბოლო ერთი თვის პერიოდში, არც არაფერი მითქვამს. სახეები დავიმახსოვრე.

თავიდან ვინც ერთი პოლიციელი იყო სასაფლაოზე შემოსული, გამაშიშვლა და მითხრა, რომ მხოლოდ მაისური და შორტები ჩავიცვა. შიშველი ვიყავი და დაიწყო ვიღაცასთან რეკვა და ჩემზე საუბარი — გავაჩერეთ ვიღაც ადამიანი და უნდა დავაკავოთო, ვიღაც უფროსს ელაპარაკებოდა. 6 პოლიციელიდან 5 იყო 25 წლამდე, ერთ-ერთი ალბათ 27 წლამდე. ერთი იყო ცოტა უფროსი, ყველაზე პატარა 15 წლის ბავშვს ჰგავდა, რომელიც მეუბნებოდა, გაიქეციო“, — აცხადებს სერგეი ყანჩელი.

ყანჩელის თქმით, მომხდარი ფაქტის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. მან საგამოძიებო უწყებას სრული ინფორმაცია დისტანციურად, 6-საათიანი გამოკითხვისას მიაწოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ორღობის შეუმდგარი დიქტატორის ფუნქცია ჩვენი კუტოკებად დაყოფაა
შემდეგი სტატიასებ-ი: ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, მას პროცესებზე გავლენა ვერ ექნებოდა