„გამარჯობა საქართველო! რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს”

განსაკუთრებული სტუმარი “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე – თბილისს მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვია, რომელიც სამიტზე სიტყვით გამოდის. მანამდე კი პირველი განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რობოტი სოფიას თქმით, საქართველოში ჩამოსვლა მას დიდი ხანია, სურდა, მაგრამ წუხს, რომ აქ მხოლოდ ერთი დღით დარჩება. მან ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. რობოტი სოფია ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიასაც გამოეხმაურა.

„გამარჯობა საქართველო. რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს, ჩემი ინტელექტი Icloud-ში ინახება და არ მიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ შეიძლება სხეულის დაზიანება მივიღო, რადგან მისი აღდგენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ადამიანები და რობოტები ერთად ახალ სიახლეებს აღმოაჩენენ. ხელოვნური ინტელექტი ფერმერებს ეხმარება მოსავლის მოყვანაში, ექიმებს კი – სიმსივნის დიაგნოზის სწრაფ დასმაში. ასევე განათლების, ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის მთავარი მიმართულებების განვითარებაში. ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს განათლებასთან წვდომას ბავშვებისთვის. დაფიქრდით ჭკვიანი ქალაქების არსებობაზე საქართველოს მასშტაბით და გზებზე, რომელიც მათ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს გახდის. მაღალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უკეთეს მომსახურებას და აუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს,“- განაცხადა მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტმა მოქალაქემ, სოფიამ.

გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი ამბობს, რომ დღეს შესაძლებელია იმის დანახვა, თუ მომავალი რას გვიმზადებს.

„ჩვენ დავპატიჟეთ სოფია გაეროს განვითრების პროგრამის სამიტზე იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ განვავითაროთ საზოგადოებრივი სამსახურები და როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს,“- განაცხადა სკოტმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე ღია და დემოკრატიულ მმართველობაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება