რუსეთი შეშფოთებულია სომხეთში ევროკავშირის მისიის გაფართოებით და მასში კანადის წარმომადგენლების მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს მცოცავ შეღწევაზე მიუთითებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ნეგატიურად აფასებს სომხეთში ევროკავშირის მისიის საქმიანობას.
გალუზინის განცხადებით, ევროკავშირის ამოცანაა სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდება სცადოს რეგიონის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესების საზიანოდ.
„არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ დასავლელები აგროვებენ სადაზვერვო ინფორმაციას რუსული ობიექტების შესახებ, ისევე როგორც სომხეთის მეზობელ ყველა სახელმწიფოზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 2020-2022 წლებში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეთანხმებების ყოვლისმომცველი განხორციელების საფუძველზე“, – განაცხადა მიხაილ გალუზინმა.