გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ – ახალი და ექსკლუზიური დეტალები

ვარდნილჰესის კასაკადებზე დღეს ენგურის დონე სამი მეტრით დასწიეს – 28 ივლისის შემდეგ მდინარეში ეძებენ 28 წლის გალელი გოგოს ნათია ბახტაძის ცხედარს.

დღეს ძებნაში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად, გეოლოგებიც ჩაერთნენ და ფსკერის სკანირება ჩაატარეს – ცხედარი ჯერაც არაა ნაპოვნი.

პარალელურად, გალის ქართველ მოსახლეობაში პროტესტის ტალღა იზრდება – გუშინ გალელი პედაგოგები გამოვიდნენ აქციაზე ე.წ. გამგეობის წინ და ცხედრის სამძებრო სამუშაოების სწრაფად ჩატარება მოითხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ აინარ ცვიჟბა, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მკვლელობის კვალის დაფარვაში მარტო არ ყოფილა.

წყარომ გალის რაიონიდან, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, “თაიმერს” ექსკლუზიურად უთხრა, რომ საზოგადოება ენვერ ცვიჟბასა და ასევე ცვიჟბების ნათესავის, გალის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის დასჯას ითხოვს.

წყაროს ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ აინარ ცვიჟბას გოგოს ცხედარი მდინარეში არ გადაუგდია: ერთ-ერთი ვერსიით, მან ნათია მანქანაში ჩაისვა, ცოლობა სთხოვა და უარი მიიღო, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდა.

ცნობილია, რომ ნათიას სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციის ცასატარებლად, აგვისტოს დასაწყისში, თბილისში აპირებდა გამგზავრებას, რაც აინარ ცვიჟბამ შეიტყო და პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა – წყვილს ერთმანეთი უყვარდა, მაგრამ ცვიჟბას უხეშობის გამო ნათია მას დაშორდა, თუმცა, გავლენიანი მამის შვილი აინარ ცვიჟბა (მამამისის ენვერ ცვიჟბა, ადგილობრივი პურის ფქვილის ბიზნესს აკონტროლებს) მას თავს არ ანებებდა.

წყაროს ცნობით, როცა აინარმა ნათია სცემა, გოგომ თავი მანქანის სალონში, კარის ძგიდეს დაარტყა და გაითიშა. არსებობს კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ აინარ ცვიჟბა, ოჩამჩირის გზაზე, მარკეტთან ჩერდება, ჩქარი ნაბიჯებით შედის შიგ და ბოთლით წყალს ყიდულობს. ამის შემდეგ ის უკანა სავარძელზე ჯდება, მანქანა კი ადგილიდან კარგა ხანს არ იძვრის.

სავარაუდოდ, აინარ ცვიჟბა ნათია ბახტაძის მოსულიერებას ცდილობდა, რაც ვერ შეძლო – გოგო შოკისგან და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ამის შემდეგ აინარ ცვიჟბა მარტო გადმოდის მანქანიდან და მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობს – ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ მან სიძეს (გალის ე.წ. უშიშროების თანამშრომელი) და მამას დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

ამის შემდეგ მანქანა უკან ბრუნდება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ შეუძლებელია, აინარი მარტო ასულიყო ვარნილჰესების კასკადზე – მან იმ მხარეს გზა არ იცოდა. წყაროსვე ვარაუდით, აინარ ცვიჟბას ცხედარი არ გადაუგდია (თვითონ ჩვენებაში ამბობს, რომ როცა მიხვდა, ნათია უკვე გარდაცვლილი იყო, კასკადზე ავიდა, ნათიას აკოცა, ბოდიში მოიხადა და მდინარეში გადააგდო) და ის ადგილზე მისულმა აინარის მამა და ნათესავებმა უკაცრიელ ადგილას დამარხეს.

თავდაპირველად აინარი არც აპირებდა მკვლელობის აღიარებას, მაგრამ მამა და სიძემ აიძულეს და უთხრეს, რომ ციხეში ცოტა ხანს იჯდებოდა, ნათიას ცხედარს ვერ იპოვიდნენ, შემდეგ კი ექიმების დასკვნას “იჩალიჩებდნენ”, სადაც ეწერებოდა, რომ აინარს ფსიქიკური პრობლემები აქვს – მას ფსიქიატრიულში გადაიყვანენ, ცოტა ხანში კი საერთოდაც, გაათავისუფლებდნენ მას შემდეგ, რაც ცხედარს ვერ იპოვიდნენ და ვნებები დაცხრებოდა.

შეგახსენებთ, ნათია ბახტაძეს 28 ივლისიდან დრემდე უშედეგოდ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშითემურ მღებრიშვილი -სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი გოგოს – 27 წლის ჯულიეტა სელვიანის ცხედარი იპოვეს