გალდავა: დაბოლოს, იხშობა ყველაზე ძლიერ სამხედრო პარტნიორ ქვეყანასთან ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავდა თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერებისკენ

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი, ლანა გალდავა შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნების გადადებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას სწორედ იმ სტრატეგიულ პარტნიორებს აშორებს, რომლებიც საქართველოს “ეგზისტენციალურად სჭირდება”.

ქვეყანა მაშინ არის მშვიდობიანი, ძლიერი და დაცული, როდესაც ჰყავს ძლიერი პარტნიორები და ძლიერი მოკავშირეები. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, მყიფე უსაფრთხოებითი გარემოთი და მზარდი გამოწვევებით, ასევე რომელსაც ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ეგზისტენციალურად სჭირდება ძლიერი პარტნიორი ქვეყნების მყარი და სისტემური მხარდაჭერა. მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველოს თანდათან აშორებს ნამდვილ მეგობრებს, რომლებსაც ათეულობით წელია ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის, ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი თანამოქალაქეების ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსწორების, საოკუპაციო-გამყოფ ხაზებთან მაცხოვრებლების დაცვის, მათი პრობლემების საერთაშორისო დღის წესრიგში დასმის საკითხებში და არა მხოლოდ…

დიახ, მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიაა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი” რომელიც შეფასებულია ,,აშშ-საქართველოს ერთგულების სიმბოლოდ”, რაც აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის და მზადყოფნის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას, ქართველი ჯარისკაცების პროფესიულ ზრდას, გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის დადებითი საერთაშორისო იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სამწუხაროდ, დღეს, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადაიდო აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გამო.

უკიდურესად შემაშფოთებელი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამარცხვინოა ის მიზეზები, რაც ჩამოთვლილია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

დაბოლოს, იხშობა ყველაზე ძლიერ სამხედრო პარტნიორ ქვეყანასთან ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავდა თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერებისკენ. საქართველო იქცა გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნად!

აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული” პარტია ბლოკებისა და ერთიანი სიის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიანატოს ხელმძღვანელმა თავი აარიდა შეკითხვებს ბაიდენის მდგომარეობის შესახებ