გალდავა – ბაიდენ-პუტინის ვირტუალური შეხვედრის ფარგლებში გაშუქებულმა პრობლემატიკამ და უკრაინის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა “ლელოს” ინიციატივის უალტენატივობა

საჭიროა საქართველოს მოქალაქეების, ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და დასავლელ პარტნიორებთან თუ მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა, რათა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტები განლაგდეს, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედდეს და “ლუსტრაციის კანონი” იყოს მიღებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ ამერიკელი კონგრესმენის დონ ბეკონის და ადამ კინზინგერის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარებით, ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-ს მინისტერიალზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ბაიდენ-პუტინის ვირტუალური შეხვედრის ფარგლებში გაშუქებულმა პრობლემატიკამ და უკრაინის გარშემო მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა მამუკა ხაზარაძის და ,,ლელოს” ინიციატივის უალტენატივობა და დროულობა.

„საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება:

1. საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით;

2. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას;

3. “ლუსტრაციის კანონის”, როგორც ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად“,-განაცხადა გალდავამ.

მისი განმარტებით, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ არათუ გრძელდება, არამედ ახალ ფაზაში გადადის.

„ამას სჭირდება უპირობო მხარდაჭერა და პირდაპირ თანხვედრაშია ,,ლელოს” მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან. მაგალითისთვის, კონგრესმენმა დონ ბეკონმა განაცხადა, რომ მხოლოდ სანქციები არ არის საკმარისი და აშშ-ს ჭირდება პარტნიორების შეიარაღება.

რაც შეეხება ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს, რომელმაც შეაფასა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვირტუალური შეხვედრა, განაცხადა, რომ აშშ-ი დამატებითი შესაძლებლობებით გააძლიერებენ ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის ესკალაციის საპასუხოდ. ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის აზრით კი, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით, აშშ-მა საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. ,,ლელოს” მიაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და დასავლელ პარტნიორებთან, თუ მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, რომ რეალურ ცხოვრებაში მოხდეს მათი განხორციელება. იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით გაფორმებული ,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება”, საჭიროა ძლიერი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა მყარი უსაფრთხოებითი გარანტით, რომელიც მიმზიდველი გახდება, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი. საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ძლიერი, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი“,- განაცხადა გალდავამ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ
შემდეგი სტატიასამადაშვილი – შერიგებაზე საუბარი რთულია, როდესაც მმართველ გუნდს აქვს განწყობა, რომ საკმარისად არ უსწორდება ოპონენტებს