გახდება თუ არა „რუსთავი 2“-ის საქმე და საპატრიარქოს სკანდალი საპროტესტო აქციების საბაბი

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ორი უმთავრესი სფერო გამოკვეთა, სადაც სერიოზული პრობლემებია: მედია და ეკლესია. ,,რუსთავის 2”-ის სასამართლო დავა, გარკვეულწილად, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება, ,,ციანიდის საქმე” კი საუკუნის სკანდალია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას _ რელიგიას შეეხო. პარალელურად, ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონია, ამიტომაც საინტერესოა, საპატრიარქოსა და ,,რუსთავი 2”-ის მოვლენები, ყველა პრობლემასთან ერთად, რამდენად გახდება იმ ,,სოციალური აფეთქების” მიზეზი, რომელიც არაერთმა ოპოზიციურმა ძალამ აპრილისთვის დააანონსა? ,,ვერსიამ” ამ კითხვით პოლიტიკურ ექსპერტებს მიმართა.
არჩილ გამზარდია: „სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ხალხს უარესი გადაუტანია. შეიძლება, ხელოვნურად იყოს პროვოცირებული გარკვეული ჯგუფების აქტივობებით, მაგრამ არა საზოგადოებრივი მხარდაჭერით. ხელისუფლება სარგებლობს, რომ სოციალური აფეთქება საქართველოში ასე მარტივად არ ხდება. „რუსთავი 2“-ის საქმე თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასთან კი არა, ხელისუფლების თავნებობასთან ასოცირდება და დაინტერესებული პირების გარდა, ამ ტელევიზიას კი არ უჭერენ მხარს, ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან. მეც ვიყავი აქციაზე, თუმცა ჩემი მხარდაჭერა უფრო განზოგადებულია სხვა მედიასაშუალებებთან მიმართებაში, ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ… საზოგადოებრივი კონკრეტული მხარდაჭერის არარსებობაც ამცირებს ძლიერ სოციალურ საპროტესტო მუხტს. „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა სივრცე არაა ის მოცემულობა, რომელსაც ძლიერი საზოგადოებრივი პროცესის წარმართვა შეუძლია. რაც შეეხება ეკლესიას, ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ეს საკითხი ხელისუფლებასთან დააკავშირონ. ამიტომაც ორიენტირდა ოპოზიცია ხელისუფლების გარკვეულ შეფასებებზე. კი, არის ორი ძირითადი მუხტი _ ხელისუფლების განცხადებები და პროკურატურის დუმილი, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ეკლესიაში პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ. ტრაგიკულობის მიუხედავად, ის, რაც ეკლესიაში ხდება დროის ნაკარნახევი კრიზისია. საზოგადოება აცნობიერებს, რომ ეკლესიაში რაღაც უნდა შეიცვალოს. ამ ფონზე, მცირე გამოვლინებების გარდა, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ აქტივობებს არ ველი; მით უმეტეს, ხელისუფლების ალტერნატივა ისევ ყოფილი ხელისუფლებაა. თან ,,ოცნებას” სპეცსამსახურები საკმაოდ კარგად ჰყავს მომზადებული იმ ადამიანების მარგინალიზაციისთვის, რომლებიც ახალი ლიდერების სახით ნაციონალებს დაუდგებიან გვერდით. არც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალის შემოსვლას ველი, რადგან საზოგადოებაც არაა ამისთვის მზად. თუმცა არ გამოვრიცხავ, თავად ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ალტერნატიული ძალა. ლიდერები და სახეები საზოგადოებას არ ჰყავს, ყოფილი პოლიტიკოსები დახლზე დარჩენილ ნაძვის ხის სათამაშოებს ჰგვანან თებერვლის თვეში _ გამოუსადეგარნი არიან. ,,ოცნება“ კი ძალიან ქვეშ-ქვეშა და გაიძვერაა. მმართველი ძალის მიმართ დაძრული ნეგატივი მხოლოდ ივანიშვილზე გადადის, მას კი ვერაფერს მოსთხოვ, რადგან ხელისუფლებაში არაა. ეს კარგი გათვლაა. ივანიშვილის ადგილას, გუნდისგან იმედგაცრუებული ვიქნებოდი, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ზუსტად ფლობს ინფორმაციას”.
გია ხუხაშვილი: ,,აქციები შეიძლება დაიწყოს. თუმცა, მიუხედავად არსებული ბევრი გამოწვევისა, ლომის წილი სოციალურ განწყობაზე მოდის. საქართველოში სოციალური პროტესტის გააქტიურება პოლიტიკურ თემებზე ხდება, რადგან ქართველს არ უყვარს სოციალური ნიშნით გარეთ გამოსვლა. „რუსთავი 2“-ისა და საპატრიარქოს საკითხები შეიძლება გამხდარიყო პროტესტის დროშაზე აღმართული, მაგრამ კრიზისს სჭირდება წარმმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ხელისუფლება მოსახლეობას უვარგისად მიაჩნია, ნაცმოძრაობა კი დაზიანებული ბრენდია. ეს ეხმარება ხელისუფლებას, პროცესები მასშტაბურ კრიზისში არ გადაიზარდოს, თუმცა ამის იმედზე ყოფნაც სახიფათოა, რადგან პოლიტიკურ ბაზარზე თუ არსებობს მოთხოვნა, ადრე თუ გვიან ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და ამის კაპიტალიზაციას მოახდენს. საპატრიარქოს თემა ძალიან დრამატულია, მრევლი ჯერ დაბნეულია. თუ საზოგადოებრივი განწყობა ისე ჩამოყალიბდა, რომ უდანაშაულო ადამიანი გახდა შეთქმულების მსხვერპლი, მძიმე შედეგი მოყვება. რა ფორმით და როდის, ამის თქმისგან თავს შევიკავებ. „რუსთავი 2”-ის საკითხი კი, სასამართლოს მიმართ ნდობის ნგრევის პროცესთან გადაიჯაჭვა, რაც სახიფათოა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები, GDS-ში საინფორმაციო გამოშვების გაუქმება, იმედის გადაჯგუფება _ ბევრ კითხვას ბადებს. „რუსთავი 2“ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან „მხილებულია“ კონკრეტულ პოლიტიკურ გემოვნებაში, რაც ამ არხის პოზიციებს ასუსტებს. არ მიმაჩნია კონკრეტული პოლიტიკური გემოვნების ტელევიზია საფრთხედ, თუ ის ხელისუფლებასთან არაა დაკავშირებული. ის სააკაშვილის დროს უფრო სახიფათო იყო. ქიბარ ხალვაში თავის დროზე სააკაშვილს ემსახურებოდა, როგორც მისი ნომინალური მფლობელი და არავის სჯერა, რომ რეალური მფლობელი იყო. ანუ, მიშას ერთი ჯიბე ებრძვის მეორეს. ეს დავა ჩემთვის ფარსია, ხალვაში კი არაფრით სჯობს ყარამანიშვილებს. ისინი ერთს ემსახურებიან პოლიტიკურად და ხალვაში მზადაა, ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახუროს. სასამართლო ელიტაც ასე იქცეოდა და იქცევა. თუ მსუბუქ ყოფაქცევაზე ვსაუბრობთ, გემოვნების საკითხია, რომელი ქალი უფრო წესიერია, ვისაც ერთი საყვარელი ჰყავს, თუ ვინც მზადაა ნებისმიერს დაუწვეს. ეს პროტესტი ითხოვს ახალ ლიდერს, რომელიც არაა შემჩნეული მავნებლობაში. ისტორიას კანონზომიერება ახასიათებს. ქვეყანაში ასეთი ქმედებები არასოდეს დასრულებულა კარგად ხელისუფლებისთვის. საქართველოს აქვს ბრძოლისუნარიანობა _ რაც უფრო უჩნდება მადა ხელისუფლებას, იზრდება წინააღმდეგობა მის მიმართ. თავისუფლების წყურვილი ქართველში რაღაც პერიოდით შეიძლება იძინებს, მაგრამ როცა იღვიძებს თელავს ყველას და ყველაფერს. სახიფათო ფაზაში შედის ხელისუფლება, რაც ცუდად დასრულდება. ის სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი გახდა, რადგან მისი კომფორტი იგრძნო. როცა ხელისუფლებაში მოვედით, ვთქვი, რომ ძნელია რეჟიმის დამარცხება, მაგრამ ბევრად ძნელი სისტემის დამარცხებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ „ურჩხულის“ მძევალი აღმოჩნდა და ახლა რაიმეს შეცვლა უჭირს. „ოცნების“ დღევანდელი ელიტა სასათბურე პირობებში გამოყვანილი პოლიტიკოსები არიან, არც იციან ქვეყნის ისტორია. ჰგონიათ, ნებისმიერი ლუკმის გადაყლაპვა შეუძლიათ და არ იციან, რომ საბოლოოდ, ყელზე დაადგებათ. თუ ხალხმა ჩათვალა, რომ საარჩევნო გზით ცვლილების უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამ ქვეყანაში რევოლუცია არავის უკვირს”.
რამაზ საყვარელიძე: ,,დებულება, რომ სოციალური აფეთქებაა მოსალოდნელი, ობიექტურ საფუძველს მოკლებულია. საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც მხარს არ უჭერს ენმ-ს, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის შეცვლა არ წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ხელყოფას, რადგან ეს ტელევიზია აღქმულია, როგორც პარტიული ტელევიზია. შესაბამისად, მედიის თავისუფლებაზე საუბარი არაადეკვატურია. ,,რუსთავი 2” იმისთვის იბრძვის, ენმ-ს დაქვემდებარებაში იყოს. მეეჭვება, ენმ-ს მიერ დაძრულმა საკითხებმა ისეთი ემოციები გამოიწვიოს, პროცესმა სოციალურად მნიშვნელოვანი მასშტაბები მიიღოს. რაც შეეხება საპატრიარქოს საკითხს, ხელისუფლების დისკრედიტაცია ამ საკითხში ოპოზიციის ინტერესში შედის. მგონია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არ უნდა ,,გახსნილიყო ფრჩხილები” და არ იყო გათვლილი, რა მოხდებოდა. ხალხი გამოვა იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქს საფრთხე დაემუქრება, მაგრამ იმის წინააღმდეგ გამოვა, ვისგანაც ეს საფრთხე წამოვა”.
თორნიკე შარაშენიძე: ,,ციანიდის სკანდალს” მოყვება უფრო იმედგაცრუება, ვიდრე ,,აფეთქება”. რა აქციები უნდა მოაწყო, როცა ვერავინ ვერაფერი გაიგო. საპატრიარქო ნდობას უცხადებს გამოძიებას და ხალხმა პროტესტი ვის გამოუცხადოს? ერთი კვირის წინ ჩანდა, რომ ხელისუფლება მთლიანად თუ არა, საპატრიარქოს ნაწილს მაინც ებრძოდა. ეს ყველაფერი გააჟღერა ,,რუსთავი 2”-მა, რომელსაც მაშინ ჰქონდა ფანტასტიკური შანსი, დაეძრა ხალხი არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის, არამედ ეკლესიის დასაცავადაც. ახლა კი აბსოლუტური ქაოსი და გაუგებრობაა ეკლესიაში”.
ზვიად კუპრავა (არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავი რეფორმების ცენტრი“): ,,საპატრიარქოს თემა ყველას ეხება საქართველოში, რადგან პატრიარქს ყველაზე დიდი ნდობა და რეიტინგი აქვს. ძნელად წარმომიდგენია, ამ მდგომარეობიდან ხელისუფლება მარტივად გამოვიდეს. ამას ერთვის არსებული სოციალური ფონი და სიღარიბე. ყველაფერი მზადაა, საზოგადოება აჯანყდეს. ,,რუსთავი 2”-ის საკითხი კი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სასამართლოს მიმართ ნდობის დაკარგვასთან ასოცირდა. როცა უამრავი პრობლემაა და სახელმწიფო ეხება ასეთ სენსიტიურ თემებს, ხალხი მალე აჯანყდება და დაასრულებს ხელისუფლებას. თუმცა ოპოზიციურ სპექტრს არ აქვს ნდობის მანდატი და არ ჩანს ძალა, ვინც ხალხს წარუძღვება. ენმ-ს მიმართაც კრიტიკული ვიქნები, რადგან უნდა მოახერხონ განახლება და ხალხს შესთავაზონ რეალური პროგრამა, ახალი ენერგია, ადამიანები, ვინც ნამდვილად შეცვლიან რეალობას”.

გაზეთი “ვერსია”

banner
წინა სტატიაშინანა ქობალია: “ერთად დგომა გადაგვარჩენს, გადაარჩენს თავისუფალ სიტყვას”
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ე.წ. სასამართლოს ხელით პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს – მაია კალანდია