გახდება თუ არა გახარია პრემიერი?

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 14:14

გახდება თუ არა გახარია პრემიერი?

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარია სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პოპულარულ მინისტრს შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი ჩააბაროს.
გიორგი გახარიას გაპრემიერება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ მას “ოცნების” ერთ-ერთმა დაჯგუფებამ შეუშალა ხელი. მთავარ მეოცნებესთან არასწორად მიიტანეს ამბავი, რის გამოც გახარია შსს-ში დარჩა.
შს მინისტრის პოსტზე ყოფნა მან კარგად გამოიყენა. დღეისთვის ის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული მინისტრია.
“ოცნების” კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული მინისტრი მალე მთავრობის მეთაური გახდება.
გახარიას გაპრემიერებაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გავრცელდა. ხელისუფლების ერთ ნაწილს საშინლად არ უნდა მისი დაწინაურება და შს მინისტრზე სხვადასხვა ჭორების გავრცელება დაიწყეს.
ამტკიცებდნენ რომ გახარია მღვდელმთავრებზე აგროვებდა კომპრომატებს. ამ ხმება მის ყურამდეც მიაღწია. სავარაუდოდ, ამ ჭორების გაბათილებას უკავშირდებოდა მისი გახშირებული შეხვედრები მღვდელმთავრებთან.
“ოცნებასთან” დაახლოებული პირი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილმა მთავრობაში დიდი ცვლილებები გადაწყვიტა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთავარი მეოცნებე ყველა მინისტრის გაშვებას ითხოვს.
– გამონაკლისი მხოლოდ თეა წულუკიანია. მას ალბათ არ შეელევა ივანიშვილი, – ამბობს ჩვენი წყარო.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ “ოცნების” კულუარებში უკვე საუბრობენ ახალ მინისტრებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტს შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს. ის ახლა იმერეთის გუბერნატორია.
შს მინისტრის პოსტზე გახარიას ალეკო ტაბატაძე ჩაანაცვლებს. მას ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი უკავია. როგორც ამბობენ, ამ პოსტის დაკავება დეპუტატ კობა ნარჩემაშვილსაც უნდა, მაგრამ მისი შანსები ძალიან მცირეა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეიცვლება სოფლის მეურნეობის მინისტრიც. საუბრობენ, რომ ეს პოსტი შესაძლოა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავოს.
სამთავრობო ცვლილებებს, სავარაუდოდ, ვერც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მთავრობის ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გადაურჩება.
მედიაში მაია ცქიტიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. სააგენტო “თაიმერის” ცნობით, ცქიტიშვილს ტენდერების სკანდალს გადააყოლებენ.
ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო მაია ცქიტიშვილმა. ანალოგიურად იქცეოდა მისი წინამორბედი ზურაბ ალავიძეც. აღსანიშნავია, რომ მისი გადადგომის შესახებაც პირველი ინფორმაცია სწორედ “თაიმერმა” გაავრცელა.
მართალია, ცქიტიშვილი უარყოფს, მაგრამ “ოცნების” კულუარებში მის შესაძლო შემცვლელზე საუბრობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს დეპუტატი ოთარ დანელია დაიკავებს.
ჩვენი წყაროს ცნობითვე, იგეგმება კახა კახიშვილის გამინისტრებაც. რომელ სამინისტროს ჩააბარებენ მას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 14:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics